ბათუმი - ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი მიმართულება
საერთაშორისო აღიარება - მნიშვნელოვანი მიღწევა ბათუმისა და საქართველოსთვის
2025 წლის 23 ოქტომბერს იტალიის კუნძულ სარდინიაში World Travel Awards Europe 2025 გალა ცერემონია გაიმართა, სადაც ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან მიმართულებად დასახელდა. World Travel Awards არის ღონისძიება, რომელსაც ხშირად "ტურიზმის ინდუსტრიის ოსკარს" უწოდებენ. სწორედ ის გამოარჩევს და აღიარებს საუკეთესოებს ამ სფეროში. ტიტული ადასტურებს ბათუმის მნიშვნელობას მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად სეზონისა, როცა ქალაქი ტურისტებს არჩევანის ფართო სპექტრს სთავაზობს. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი აჭარის რეგიონისთვის. მისი გამარჯვება მაშინ, როცა კონკურენციას უწევდა ისეთ ცნობილ ევროპულ ქალაქებს, როგორებიცაა: ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი, არის ბათუმის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვეობის უნიკალური შერწყმის მტკიცებულება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, რომელიც ღონისძიებას დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო, დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ
“ჩვენი ქალაქის ეს მნიშვნელოვანი აღიარება ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა’’.
ბათუმის უნარმა, მთელი წლის განმავლობაში მოიზიდოს ვიზიტორები, მათ შესთავაზოს მრავალფეროვანი აქტივობები და გამორჩეული გამოცდილება შეუქმნას ყველა სეზონზე, ცხადია, გადამწყვეტი როლი შეასრულა ტიტულის მოპოვებაში. იქნება ეს ზაფხულში შავი ზღვის პლაჟებით სარგებლობა, შემოდგომაზე ახლომდებარე მთებში ლაშქრობა, თუ ზამთარში ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა. შედეგს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის, კერძოდ, ბათუმის ბრენდინგისთვის, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ოთხივე სეზონის მიმართულებად პოზიციონირდება, რაც მას მუდმივად აქტიური ქალაქის სტატუსს ანიჭებს. გარდა ამისა, ამგვარი აღიარება ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებასა და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას. ამასთანავე, ჯილდოს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით, მეტი სტუმარი პირდაპირპროპორციულად დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობის შექმნას უდრის. დაბოლოს, საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით, ბათუმისთვის ზემოხსენებული ჯილდო კიდევ უფრო ფართო ასპარეზს ხსნის მომავლისთვის.