„ორბი ჯგუფის“ 300-მილიონიანი ინვესტიცია, როგორც ბათუმის ახალი არქიტექტურული სიმბოლო
ბათუმის განვითარებაში ახალი, შთამბეჭდავი ეტაპი იწყება - დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე პრემიუმ-კლასის სასტუმრო კომპლექსის ORBI Continental-ის მშენებლობას იწყებს. პროექტის ინვესტიცია შეადგენს 300 მილიონ აშშ დოლარს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კერძო ინიციატივაა საქართველოს ტურიზმისა და სამშენებლო სექტორში.
პროექტის ოფიციალური წარდგენა ბათუმში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კომპლექსი ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცევა.
„ძალიან შთამბეჭდავია, ეფექტურია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ორი ცათამბჯენის მშენებლობას, რაშიც 300 მილიონი დოლარის, ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიცია ჩაიდება. ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის, ისე ბათუმის განვითარებას,“ - განაცხადა პრემიემ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად წაახალისებს დასაქმებასა და ადგილობრივ ეკონომიკას - მშენებლობის ეტაპზე 1 500 ადამიანი, ხოლო კომპლექსის გახსნის შემდეგ დაახლოებით 2 000 ადამიანი დასაქმდება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ტურიზმისა და სამშენებლო სექტორები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და მსგავსი პროექტები სახელმწიფოსგან მომავალშიც მაქსიმალურ მხარდაჭერას დაიმსახურებს:
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ამ სექტორების განვითარებას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის წინსვლას. მადლობას გადავუხდი კომპანია „ორბი ჯგუფს“, რომელიც უკვე მრავალი წელია ქმნის საერთაშორისო დონის პროექტებს საქართველოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიების დასასრულს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა.
ORBI Continental ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - რუსთაველის გამზირის, ნურიგელის ტბისა და 6 მაისის პარკის მახლობლად აშენდება. კომპლექსი განთავსდება პირველ სანაპირო ზოლზე, ე.წ. „ოქროს მილის“ გასწვრივ - ზონაში, სადაც უკვე თავმოყრილია ქალაქის ყველაზე ელიტური სასტუმროები და საცხოვრებელი კომპლექსები.
გრანდიოზული პროექტი მოიცავს 55 და 37-სართულიან ორ ცათამბჯენს, სადაც განთავსდება მხოლოდ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, მდიდრული აპარტამენტები და პენტჰაუსები პანორამული ხედებით შავი ზღვისა თუ აჭარის მთების მიმართულებით. კომპლექსის მართვას განახორციელებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ბრენდი, რაც პროექტს საერთაშორისო მასშტაბით დამატებით პრესტიჟს ანიჭებს.
ORBI Continental აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და მრავალფუნქციურ სივრცეებს, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც საცხოვრებლად და დასასვენებლად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით.
პროექტი არა მხოლოდ ბათუმის ტურისტულ პოტენციალს აძლიერებს, არამედ ხაზს უსვამს ქალაქის თანამედროვე, საერთაშორისო იერსახეს - ქალაქის, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კვლავ უფრო მეტ ინვესტორსა და სტუმარს იზიდავს.